Sunday, June 10, 2012

მიწისძვრები


საქართველოს სეისმოტექტონიკური განაწილების რუკის მიხედვით, სამეგრელოს ტერიტორია განეკუთვნება ცენტრალურ კავკასიას, კოლხეთის დეპრესიას და შავი ზღვის სანაპირო ზოლს. ტექტონიკური განვითარების თვალსაზრისით, სამეგრელოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი შედის კოლხეთის ტექტონიკური დეპრესიის ფარგლებში, რომელსაც დასავლეთიდან შავი ზღვის ქვაბული ესაზღვრება, ხოლო ჩრდილოეთიდან ფანავისა და სამეგრელოს (ეგრისის) ქედები. სწორედ ამ ტერიტორიის საზღვრებში მდებარეობს ფოთი–ასხისა და კურზუ–ხიხაძირის სიღრმული რღვევები, რომლებთანაც მკვლევარ–სპეციალისტთა მტკიცებით უნდა იყოს დაკავშირებული სამეგრელოში მომხდარი მიწისძვრის მეტი წილი.
სამეგრელოს ტერიტორიის სეისმურობა არ შეიძლება ცალკე იქნას განხილული საქართველოსა და მთლიანად კავკასიის სეისმურობის გათვალისწინების გარეშე. არცთუ იშვიათად სამეგრლოს ტერიტორიაზე მეტ–ნაკლები ძალით შეიგრძნობა მის საზღვრებს გარეთ მდებარე მიწისძვრის კერებში მომხდარი მიწისძვრების მოქმედება. მაგალითისთვის 1991 წლის 29 აპრილს მომხდარი რაჭა–იმერეთის მიწისძვრის აღნიშვნა კმარა. ამ მიწისძვრის კერას სამეგრელოს საზღვრებს დარეთ მდებარე გაგრა–ჯავის ტექტონიკური რღვევის ზოლში ჰქონდა ადგილი და მან საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა რაჭის, იმერეთის, სამაჩაბლოს ტერიტორიაზე განლაგებულ მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებს. აღნიშნული მიწისძვრა საკმაო ძალით იქნა შეგრძნობილი სამეგრელოს ტერიტორიაზეც.
დღემდე შემორჩენილი ძველი საბუთების მიხედვით ისტორიულ წარსულში სამეგრელოს ტერიტორიაზე ცნობილია ერთი მიწისძვრა, რაც 1616 წელს მომხდარა. ამ მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულა ცაიშის ტაძრის გუმბათი.
XX საუკუნის 30–იანი წლებიდან სამეგრელოს ტერიტორიაზე მომხდარი მიწისძვრის აღრიცხვა მიმდინარეობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის რეგიონული ტიპის სეისმურ სადგურებში. პირველი ასეთი სადგური მოწყობილ იქნა 1937 წელს ქალაქ ზუგდიდში – დადიანების სასახლის სარდაფში. შემდეგ თანამედროვე ტიპის მოკლეპერიოდიანი სეიმოგრაფებით აღჭურვილი სადგურები შეიქმნა მარტვილში, კურზუში, ლებარდეში, ჭალეში და ჩქვალერში. ამ სადგურებში ჩატარებული ინსტრუმენტალური დაკვირვების შედეგად სამეგრელოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულია 1300–მდე სხვადასხვა ინტენსიობის მიწისძვრა, რომეთაგან მოსახლეობის მიერ მხოლოდ ნაწილი იქნა შეგრძნობილი.
XX საუკუნეში სამეგრელოს ტერიოტრიაზე მომხდარი მიწისძვრებიდან აღსანიშნავია, 1930 წლის 7 ნეომბერს სამეგრელო–სვანეთის მიწისძვრა, რომელიც მაქსიმალური ინტენსიობით (6 ბალი) შეგრძნობილ იქნა ზუგდიდის, წალენჯიხის და ნაწილოვრივ მესტიის რაიონებში (საბერიო, ფახულანი, წალენჯიხა, ჯვარი, ჭკადუაში, ჭუბერი). ეს მიწისძვრა 5–6 ბალიანი ინტენსიობით აღინიშნა მარტვილისა და სენაკის რაიონებში (გაშპერდი, თამაკონი, მარტვილი, სალხინო, ფოცხო)
ანალოგიური ინტენსიობის მიწისძვრას ადგილი ჰქონდა 1941 წლის 15 ივნისს, როელიც მენჯის მიწისძვრის სახელით არის ცნობილი. ეს მიწისძვრა 6 ბალიანი ინტენლიობით სოფ. ხორშში აღინიშნა, ხოლო აბასთუმანში, მენჯში, სენაკში, ხეთაში, ფოცხოსა და ეწერში მისმა ინტენსიობამ 5–6 ბალი შეადგინა.
6–ბალიანი მიწისძვრა მოხდა ზემო სამეგრელოში 1955 წლის 25 დეკემბერს (თაიაში, მიქავაში, მუხურში, გალში). ამ მიწისძვრის სიძლიერემ კუზუში, ნაკიფუში, ხაბუმეში, ჯვარში და წალენჯიხაში 5 ბალი შეადგინა.
განსაკუთრებით გამოირჩეოდა 1957 წლის 29 იანვრის მარტვილის მიწისძვრა, რომლის ძალამ 8 ბალი შედგინა სოფელი ბალდაში, გაჭედილში, დიდ ჭყონში და სალხინოში, ამ მიწისძვრის შედეგად დაინგრა მრავალი შენობა, თუმცა მას ადამიანთა მსხვერპლი არ მოჰყოლოდა.
მაკროსეისმური მასალების გაანალიზების საფუძველზე,დასახლებული პუნქტების სია, სადაც მომხდარი მაქსიმალური ინტენსიობის მიწისძვრა იქნა დაფიქსირეული:
  • 8 ბალი – ცაიში, ბალდა, გაჭედილი, დიდი ჭყონი, სალხინო.
  • 7 ბალი – მარტვილი
  • 6–7 ბალი – ორჟა, ხორში, მიქავა, ფახულანი, ჯგალი.
  • 6 ბალი – აბაშა, აბასთუმანი, ზუგდიდი, მენჯი, ჭკადუაში, ჯვარი, სენაკი, ხაბუმე
  • 5–6 ბალი – თეკლათი, გაშფერდი
  • 5 ბალი – მაიდანი, თამაკონი, კურზუ, ნახუნაო, ეკი, სირიაჩქონი, ლეძაძამე, ჩხოროწყუ, ნაკიფუ, ჩქვალერი, ხეთა.
  • 4–5 ბალი – სუჯუნა, ხობი, გაღმა პირველი ხორგა, პატარა ფოთი, ქვემო ჭალადიდი, ყულევი.

No comments:

Post a Comment