Sunday, June 10, 2012

მდინარეები

სამეგრელოს ტერიტორია გამოირჩევა მდინარეთა ჰიდროგრაფიული ქსელების კარგი განვითარებით. აქ აღრიცხულია 2441 დიდი და მცირე მდინარე, რომელთა საერთო სირგძე 5191 კმ–ს შეადგენს. მათ წილზე მოდის საქართველოს მდინარეთა საერთო რაოდენობის 9.3‰ და საერთო სიგრძის 7.6‰. აქედან 10 კმ–ზე მეტი სიგრძის მდინარეები 43‰–ის, საერთო სიგრძით 1183 კმ.

უდიდესია ხობისწყალი, რომლის სიგრძე 150 კმ–ია და მეექვსე მდინარეა საქართველოს დიდ მდინარეთა შორის. იგი შედგება 1485 შენაკადისაგან.

მეორე ადგილზეა მდინარე ტეხური, მესამე ადგილზეა მდინარე აბაშა.

სამეგრელოს ჩრდილო–დასავლეთ და სამხრეთ კიდეზე გაედინებიან ტრანზიტული მდინარეები – ენგური, ცხენისწყალი და რიონი, რომელთა სიგრძე სამეგრელოს ტერიტორიაზე უდრის შესაბამისად 94, 44 და 99 კმ–ს.



ჯუმი – მდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,ენგურის მარცხენა შენაკადი, სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 310მ–ზე, სიგრძე 61 კმ, აუზის ფართობი 379კმ2, საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. მთელი წლის განმავლობაში იცის წყალამოვარდნები, წყალმცირობა — ზაფხულში. საშუალოწლიური ხარჯი შესართავთან 11,6 მ³/წმ.


 

რიონი — მდინარე დასავლეთ საქართველოში. სიგრძე 327 კმ, აუზის ფართობი 13400 კმ². სათავე აქვს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ფასის მთაზე, ზღვის დონიდან 2960 მ. ერთვის შავ ზღვას ფოთთან. სათავიდან სოფელ გლოლამდე მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განიერ, ღრმა ხეობაში, რომელიც მდინარე ზოფხიტურის შეერთებამდე ტროგულია. ივითარებს განიერ ჭალას და იტოტება. ადგილ საგლოლოს ქვემოთ მიედინება ჯერ სამხრეთისკენ, შემდეგ — სამხრეთ დასავლეთისკენ ღრმა და ვიწრო ხეობაში, ივითარებს ვიწრო წყვეტილ ჭალას. ონთან უხვევს დასავლეთისკენ და მიედინება სოფელ ალპანამდე. ხეობა აქ ღრმა და განიერია, აქვს ფართო ჭალა, რომელიც წყალდიდობის დროს თითქმის მთლიანად იტბორება. მდინარე იტოტება და წარმოშობს კუნძულებს. ჩამოყალიბებულია ტერასები, რომელთა სიმაღლე 2-3-იდან 20-35 მ-მდეა, სიგრძე 2-3 კმ, სიგანე რამდენიმე ასეული მეტრია. ტერასებზე გაშენებულია სოფლები, ბაღ-ვენახები, ბოსტნები და ნათესები. ხეობა ზოგან შევიწროებულია ქმნის კლდეკარს (ხიდიკრის კლდეკარი). სოფელ ალპანიდან რიონი მკვეთრად უხვევს სამხრეთისკენ და ვიწრო ხეობაში გაედინება, მხოლოდ ალაგ-ალაგ განივრდება და იტოტება. სოფელ ტვიშთან ქმნის ღრმა კლდეკარს. ქუთაისის ქვემოთ, კოლხეთის დაბლობზე გამოდის, ივითარებს განიერ ჭალას, იტოტება და წარმოშობს კუნძულებს.


 

ხობისწყალი, ხობი — მდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავეს იღებს ეგრისის ქედზე, მიედინება კოლხეთის დაბლობზე, ერთვის შავ ზღვას. მდინარის სიგრძე 150 კმ-ია, აუზის ფართობი - 1340 კვ. კმ., წყლის საშუალო ხარჯი - 44 კუბ.მ/წმ (შესართავიდან 30 კმ-ზე), მაქსიმალური - 333 კუბ.მ/წმ. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლებით, გამოიყენება სარწყავად. მისი მთავარი შენაკადია ჭანისწყალი (მარჯვნიდან). ხობისწყალზე დგას ქალაქი ხობი და დაბა ჩხოროწყუ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ხობის შესართავთან დროებით დისლოცირებული იყო შავი ზღვის ფლოტი. 2000-2005 წლებში ხობის შესართავთან სოფელ ყულევთან სიახლოვეს აშენდა ნავთობტერმინალი ტანკერებისთვის.


 

აბაშა — მდინარე მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ტეხურის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 66 კმ, აუზის ფართობი 370 კმ2. იწყებს ასხის კირქვული მასივის სამხრეთი კალთებიდან. მის სათავეს ქმნის მდინარეები რაჩხისწყალი და ტობა, რომლებიც ერთდება სოფელ ბალდის ზემოთ (ზღვის დონე 325 მ). ასხის მასივის დამხრეთ-დასავლეთ ფერდობსა და აბედათის მთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ბოლოს შორის, ე. წ. გაჭედილთან, აბაშა აჩენს 50-70 მ სიღრმის ვიწრო (სიგანე 5-6 მ) კანიონს, ამ ადგილზე აგებულია აბაშის ჰესი. აბაშა საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. ჩამონადენი შედარებით თანაბრად ნაწილდება წლის განმავლობაში.

 

ენგური — მდინარე დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე და კოლხეთის ბარში. სათავე აქვს მყინვარ ენგურზე, ზღვის დონიდან 2614 მ-ზე. სოფ. ანაკლიასთან ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 213 კმ, აუზის ფართობი 4060 კმ2. მთავარი შენაკადებია - მარჯვენა: ადიშისჭალა, ხალდეჭალა, მულხრა, დოლრაჭალა, ნაკრა, ნენსკრა; მარცხენა: თხეიში, ხუმფრერი, ლასილი, მაგანა, ჯუმი და სხვა. ენგური ზემოთში კვეთს სვანეთის ქვაბულს, შემდეგ კი ღრმა და ვიწრო ხეობაში მიედინება. ზემოთსა და შუა დინებაში მდინარის კალაპოტი ზოგან ჭორომიანია. ქალაქ ჯვართან მდინარე გამოდის კოლხეთის დაბლობზე, ქმნის ფართო ხეობას და იტოტება. სოფ. რუხთან იყოფა ორ ტოტად, რომელთა შორის მოთავსებულია 12 კმ სიგრძისა და 0,5-2,0 კმ სიგანის კუნძული. მასზე გაშენებულია სოფ. შამგონა. ენგური შერეული საზრდოობის მდინარეა; ზემოთში წლიური ჩამონადენის 66%-ს შეადგენს თოვლისა და მყინვარის წყალი, 22%-ს გრუნტის წყალი, 12%-ს წვიმის წყალი, ქემოთში შესაბამისად - 18%, 26% და 56%-ს. საშუალო წლიური ხარჯი სოფ. ხაიშთან 109 მ3/წმ უდრის შესართავთან 170 მ3/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. სოფ. ლახამულიდან სოფ. შამგონამდე ენგურს იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, ქვემოთში - სარწყავად, ენგურ-გალის სარწყავი არხის საშუალებით. ქალაქ ჯვართან აშენდა ენგურის ჰიდროელექტროსადგური. სოფ. ტობართან დაპროექტებულია 750 ათ. კვტ სიმძლავრის ტობარჰესის მშენებლობა. ენგურის გასწვრივ გადის სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონების ადმინისტრაციული საზღვარი.



ტეხური, მდინარე დასავლეთ საქართველოში (სენაკის მუნიციპალიტეტი), სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალი ტეხურიშდუდთან, 2400 მ სიმაღლეზე. მდინარე რიონს ერთვის მარჯვნიდან. სიგრძე 108 კმ, აუზის ფართობი 1040 კმ2. მთავარი შენაკადია მდინარე აბაშა. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები - მთელი წლის მანძილზე. საშუალო წლიური ხარჯი სოფ. ნაქალაქევთან 30,2 მ3/წმ. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად და სოფლის წისქვილებისათვის. ხეობის ზემო ნაწილში მდებარეპბს კურორტი ლებარდე.  

No comments:

Post a Comment